27270_448045598598977_2041274647_n

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვხვდება ჩვენ ბიბლიური ისტორიის პირველ გვერდებზე. ბიბლიური თხრობა, რომელიც ეხება სამყაროს ექვს დღეში შექმნას, პირველ რიგში ღმერთის ხასიათს ავლენს, მის ძალიან მნიშვნელოვან მხარეს: აღმოჩნდა, რომ იგი არის მომთმენი ღმერთი. ღმერთს შეუძლია მოითმინოს სამყაროს არასრულყოფილება. ის, რომ პირველ დღეს მიწა „იყო უსახო და უდაბური“, ღმერთისათვის ეს არ არის მისი განადგურების მიზეზი, თითქოს პირველი შემოქმედებითი აქტი წარუმატებელი ყოფილიყოს. შუმერულ ღვთაება აპსუს სურდა, რომ გაენადგურებინა მისი პირველი ქმნილებები. ჰესიოდეს მიხედვით, ასევე „ ბავშვები, რომლებიც „გეა-მიწისა“ და „ცა-ურანის“ ნაშობნი იყვნენ , საშინელნი და მამამისისაგან მოძულებულნი შეიქნენ პირველივე შეხედვისას“(ჰესიოდე. თეოგონია 155). მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ღმერთი არ ქმნის სამყაროს მყისიერად და იმთავითვე სრულყოფილად, რომელიც გავსებულია მადლისმიერი არსებებით… იგი მაინც კმაყოფილია იმ არასრულყოფილი სამყაროთი: „დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“ (დაბ. 1, 18) . იგი დროში განავითარებს თავის ჩანაფიქრს და აკურთხებს შუალედურ დღეებსაც კი, ანუ სამყაროს მდგომარეობას.
შემდეგ უკვე, ადამიანთა პირველი შეცდომის გამო, ღმერთი არ უკუიქცევა მათგან. იგი მათი პირადი ცხოვრებიდან მოშორებული შეიქნა, მაგრამ არ უკუქცეულა მათგან. „იმედგაცრუებას“ არ ჰქონია ადგილი მათთან მიმართებაში. თუმცა ერთხელაც, ადამიანთა გაუკუღმართებებისა და ცოდვების მომრავლების გამო, ბიბლიური მწერალი იფიქრებს და დაწერს: „ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.“ (დაბ. 6, 6), მაგრამ ღმერთი მაინც ერთგული რჩება ორგული შვილების მიმართ: „ განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.“ (ესაია 49, 15).
ბიბლია- ეს არის ღვთაებრივი მოთმინების გაცხადება. წმინდა იოანე ოქროპირი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში ქმნის მთელს სამყაროს, ისრაელის მებრძოლებს მიმართავს: „ შვიდი დღის მანძილზე შემოუარეთ ქალაქს“ (ისუ ნავ. 6, 1-3), „როგორ – გაოცდება ოქროპირი,- შენ ქმნი მთლიან სამყაროს ექვს დღეში, ხოლო ერთ ქალაქს კი არღვევ შვიდ დღეში?“, იგივე იოანე ოქროპირს აქვს შედარება, სადაც ღმერთს ადარებს მიწადმოქმედს. „ რას იტყვის უცოდინარი ადამიანი, როდესაც იხილავს მიწადმოქმედს, რომელიც მარცვალს მიწაში აგდებს? ის აგდებს გამზადებულ საგნებს, რომლებიც ასე ძნელად შეაგროვა, და თან ლოცულობს, რომ წვიმა წამოვიდეს, რათა ეს ყველაფერი სწრაფად გაიხრწნეს მიწაში“ , როდესაც მთესველი დასთესს მარცვალს – მას მხოლოდ ნაყოფის მოთმინებით ლოდინიღა რჩება. ქრისტე უკრძალავს მოციქულებს ნაყოფის დროზე ადრე მომკას (სამკალში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც მათი ქადაგების შედეგად უნდა მოქცეულიყვნენ ქრისტიანობაზე).

მიწადმოქმედის ღვაწლი გვასწავლის მოთმინებას. „ ბავშვობაში ხომ აგვიღია სათესლე მარცვალი და დაგვირგავს? შემდეგ კი ყოველ საათში ერთხელ მივდიოდით, რათა გვენახა ხომ არ არის თესლი ამოსული, საბოლოოდ კი ხშირად გადაგვითხრია მიწა იმაში დასარწმუნებლად, რომ ნაყოფი მართლა იზრდებოდა და შედეგად იმას ვიღებდით, რომ იგი საერთოდ წყვეტდა ზრდას. ნუთუ ბავშვობაში არ მოგვსვლია ადამიანებს შემთხვევა, როდესაც კვირტის ხელით გახსნა მოგვდომებია, რათა მალე აყვავებულიყო… და შემდეგ კი რაოდენ დიდი იყო იმედგაცრუება, როდესაც ის საერთოდ ჭკნებოდა, ჩვენგან დაზიანებული? ჩვენ არ ვიცოდით, თუ როგორ უნდა მოვბყრობოდით სიცოცხლეს, ჩვენ არ გვქონდა მოთმინება. ის, რომ ღმერთმა ისურვა დედამიწაზე სიცოცხლის შექმნა, – ეს არის მისი მოთმინების გამოცხადება“